English / ქართული / русский /
ანა ჩაგელიშვილი
პანდემიის გავლენა საქართველოში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე

ანოტაცია. პანდემიით გამოწვეული კრიზისი სულ უფრო ძლიერად ზემოქმედებს ეკონომიკურ საქმიანობაზე. შემცირებული მოხმარება და დამსაქმებლების შემცირებული შემოსავლები საბოლოო ჯამში აისახება დასაქმებულების შრომის ანაზღაურებაზე ან სულაც მათი სამუშაო ადგილების არსებობაზე. დასაქმებულთა დამძიმებული სიტუაციის გამოსასწორებლად სამთავრობო სოციალურმა პროექტებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს, თუმცა, გაზრდილი საგარეო ვალისა და შემცირებული საბიუჯეტო შემოსავლების ფონზე ამგვარ ქმედებას მხოლოდ დროებითი და არარეგულარული ხასიათი შეიძლება ჰქონდეს.

საკვანძო სიტყვები: პანდემია; შრომის ანაზღაურება; უხელფასო შვებულება; სამუშაო ადგილი; დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი; 

შესავალი 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 11 მარტს პანდემიად გამოცხადებული COVID-19 უდავოდ 2020 წლის ყველაზე დიდი გლობალური გამოწვევაა, რომელმაც ადამიანის საქმიანობის თითქმის ყველა სფეროზე იქონია ზეგავლენა. ვირუსის ფართოდ გავრცელების პრევენციისთვის სახელმწიფოების მიერ დაწესებული სხვადასხვა სახის შეზღუდვები თუ რეგულაციები ჯაჭვისებურად იწვევენ მთელ რიგ  უარყოფით ეკონომიკურ შედეგებს, მათ შორის ისეთებს როგორებიცაა ტურიზმის შემცირება, უმუშევრობის მატება, სიღარიბის მაჩვენებლის ზრდა, ეროვნული ვალუტის გაუფასურება და ა.შ. პანდემიის პირდაპირი, უარყოფითი გავლენა ტურიზმის სექტორს ეხება, რაც დაკავშირებულია სამოგზაურო შეზღუდვებთან და ჩაკეტილ საზღვრებთან. მისი შედეგი არანაკლები ხარისხით აისახება სარესტორნო და სავაჭრო ბიზნესზეც. თუმცა, აღნიშნული სფეროებისთვის ტურისტების რაოდენობის შემცირება ერთადერთ პრობლემად არ რჩება, რადგან სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტულად მათთვის განკუთვნილი რეგულაციებიც არის დაწესებული.

პანდემიის სამომავლო ეკონომიკური ზიანის წინასწარ განსაზღვრა რთულია, თუმცა, მას აუცილებლად ექნება გავლენა შრომის ბაზარზეც. 2020 წლის პირველ ნახევარში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შედეგად საქონლისა თუ მომსახურების წარმოების აკრძალვა[1] აისახა დამსაქმებლების ეკონომიკურ აქტივობაზე, რადგან, ამ შემთხვევაში კომპანიები არ იყვნენ გათავისუფლებულნი დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, თუმცა, ამავდროულად შეზღუდვების (გლობალურად თუ ადგილობრივად) პარალელურად ვერ ახერხებდნენ მათ შესრულებას. რეალიზაციისა და ვაჭრობის შეზღუდვის შედეგად, დაქირავებით დასაქმებულთა გარდა, დაზარალდნენ ასევე თვითდასაქმებულები და არაფორმალურად დასაქმებულები. აქედან გამომდინარე, იმ საკითხის განხილვა, თუ როგორია პანდემიის გავლენა საქართველოში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე, უდავოდ აქტუალურია. 

* * * 

ქვეყნებს შორის შეჩერებულმა თუ შეზღუდულმა მიმოსვლამ, საკარანტინო შეზღუდვებმა, საქმიანობისას დაწესებულმა რეგულაციებმა და ეკონომიკური საქმიანობის დიდი ნაწილის შეჩერებამ მნიშვნელოვნად დააზარალა დამსაქმებელთა მდგომარეობა და შესაბამისად აისახა დასაქმებულთა მდგომარეობაზეც. შემცირებული რეალიზაცია თავისთავად ამცირებს მოთხოვნას და ავტომატურად მოქმედებს ხელფასებზეც.

პანდემიის უარყოფითი გავლენა თანაბარი ზეგავლენით არ ასახულა ყველა დასაქმებულზე. ისეთმა ორგანიზაციებმა, როგორებიც არიან უნივერსიტეტები, საჯარო დაწესებულებები, საკონსულტაციო კომპანიები და სხვა მსგავსნი, სწრაფად მოახდინეს ადაპტირება პანდემიიდან გამომდინარე შეცვლილ გარემოებებთან და გადავიდნენ დისტანციურ საქმიანობაზე. თუმცა, საქმიანობის უმეტეს სფეროებში ეს ვერ მოხერხდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის მთავრობის მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა და რეგულაციებმა უარყოფითი გავლენა იქონიეს ქვეყნის სოციალურ მდგომარეობაზე. უარყოფითი გავლენა ვლინდება გარკვეულ შედეგებში, მათ შორის საქმიანობის დროებით შეჩერებიდან გამომდინარე დასაქმებულთა მოწყვლადი ჯგუფების უხელფასო შვებულებაში გაშვებაში, შრომის ანაზღაურების შემცირებაში ან უკიდურეს შემთხვევაში სამსახურიდან გაშვებაში.

საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესზე პანდემიის ზეგავლენის მასშტაბის ჯეროვნად შეფასების მიზნით, შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველოს“ (PwC საქართველო) მიერ 2020 წლის 16-27 აპრილის შუალედში, სხვადასხვა ზომის, სექტორისა და რეგიონის 1938 ერთეულ კომპანიაში ჩატარდა კვლევა, რომლის მიხედვითაც წარმოშობილი სირთულეების საპასუხოდ დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება გამოკითხულთა 12%-ის, ხოლო უხელფასო შვებულებაში გაშვება 21%-ის გამოსავლად იქცა [PwC საქართველო, 2020: 9]. უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის შედეგებისადმი შედარებით მდგრადი სოფლის მეურნეობის სფერო აღმოჩნდა, რაც აისახა კიდეც კვლევის შედეგებში: სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი კომპანიების 60%-ზე მეტი კვლევის მომდევნო 3 თვის მანძილზე (მაისი-ივლისი) არც გეგმავდა თანამშრომელთა შემცირებას ან უხელფასო შვებულებაში გაშვებას [PwC საქართველო, 2020: 14], რაც შესაძლოა სეზონურობითაც აიხსნას: სამომავლო პერიოდი სწორედ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების აქტიურობის პიკს ემთხვეოდა.

საინტერესოა რამდენად კანონიერია საგანგებო მდგომარეობის დროს, ორგანიზაციის შემცირებული ფინანსების პარალელურად შრომის ანაზღაურების შემცირება. უნდა აღინიშნოს, რომ შრომითი ურთიერთობების ისეთი საკითხები, რომლებიც არ წესრიგდება საქართველოს შრომის კოდექსით, წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, კერძოდ, 398-ე მუხლის შესაბამისად. თუ ხელშეკრულების გაფორმებისას არსებული გარემოებები შემდგომში იმდენად შეიცვალა, რომ ამ ცვლილებების არსებობის დროს არ დადებდნენ მხარეები ხელშეკრულებას, მხარეს ვერ მოეთხოვება ნაკისრი ვალდებულებების სათანადოდ დაცვა. აქედან გამომდინარე, შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების ერთ-ერთ მცდელობად შესაძლოა ჩაითვალოს სწორედ შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ანაზღაურების შემცირების საკითხი. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, თუ ვერ მოხერხდა შრომის ანაზღაურების შემცირების საკითხის შეთანხმება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, შრომის კოდექსის 47-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ჩნდება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი: „ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას“. შესაძლოა, რომ დასაქმებულთა სამუშაოდან დათხოვნის საკითხმა სამომავლოდ სასამართლო დავების სახე მიიღოს და მრავალი ინდივიდუალურად განსახილველი შემთხვევა წარმოშოს [შპს „ჯეი ენდ თი ქონსალთინგი“, 2020: 6].

შრომის ანაზღაურების შემცირებასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულები უპირატეს მდგომარეობაში არიან კერძო სფეროში დასაქმებულთაგან განსხვავებით, რადგან მათ სოციალური დაცვის მეტ გარანტიას „შრომის კოდექსის“ გარდა განაპირობებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი.

შრომის ანაზღაურებაზე პანდემიის გავლენას ასახავს სტატისტიკური მონაცემებიც, თუმცა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2019 წელთან შედარებით 2020 წლის პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ზრდა ფიქსირდება და 1202.7 ლარს შეადგენს [საქსტატი, 2020]. სტატისტიკოს სოსო არჩვაძის მოსაზრებით ხელფასის ამგვარი ზრდა გამოწვეულია დასაქმების სტრუქტურის გადაჯგუფებით, რაც დაბალშემოსავლიანი მოქალაქეების გამორიცხვის მეთოდს ემყარება. მისი მსჯელობა ეფუძნება იმ ფაქტს, რომ პანდემიის პირობებში დახურული ბიზნეს საქმიანობა და შესაბამისად ამ არეალში დასაქმებულთა ხელფასები აღარ ჩაითვალა სტატისტიკური მონაცემების დაანგარიშებაში. აქედან გამომდინარე, 2020 წლის პირველი კვარტლის საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ზრდა აჩვენა არა სახელფასო ფონდის სიდიდის ზრდამ, არამედ დაქირავებულთა ერთობლიობიდან დაბალშემოსავლიანი დასაქმებულების გამორიცხვამ [report.ge, 2020]. უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის პირველი კვარტალი საქართველოში ის პერიოდია, რომელიც მოიცავს პანდემიამდელ (ზრდის) და პანდემიის დასაწყის (კლების) მონაკვეთებს, რითაც შესაძლოა ასევე განპირობებული იყოს ის ფაქტი, რომ წინა წლის მონაცემთან შედარებით საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი კლების ნაცვლად გაიზარდა. ამის შესაბამისად, პანდემიისა და მისი თანმხლები შეზღუდვების პარალელურად, 2020 წლის მე-2 კვარტლის საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი უკვე იკლებდა და 1150.1 ლარს შეადგენდა [საქსტატი, 2020]. 

 

დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური

ნომინალური ხელფასი (ლარი)

წყარო: www.geostat.ge 

დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2020 წლის მე-2 კვარტალში საქმიანობის უმრავლეს სახეობაში შემცირდა, თუმცა, განსაკუთრებული შემცირებით გამოირჩეოდა საფინანსო და სადაზღვევო მომსახურებები (≈21.40%) და ხელოვნების, გართობისა და დასვენების სფეროები (≈21.65%) [საქსტატი, 2020].

საშუალოთვიური ნომინალური ხელფასის პარალელურად, პანდემიური კრიზისი აისახა უმუშევრობის დონეზეც, რომელიც წინა წლებში სტაბილურად მცირდებოდა. 2020 წლის მე-3 კვარტალში კი 11.9%-ს მიაღწია. წინა წლის მე-3 კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით უმუშევრობის დონე 0.7 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი, ხოლო 2020 წლის მე-2 კვარტალთან შედარებით 0.4 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული [საქსტატი, 2020].

უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიის მიხედვით უმუშევრობის შესახებ შეგროვებულ მონაცემებში პანდემიური კრიზისის სრული სურათი არ აისახება, რადგანაც ვერ ხდება შემცირებული სამუშაო საათების, შრომის ანაზღაურების შემცირებისა და უხელფასო შვებულების ფაქტების გათვალისწინება[2].

მძიმე ეკონომიკური შედეგების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით გადაიდგა სხვადასხვა სახის ნაბიჯები, მაგალითად, იმ დაქირავებით დასაქმებულებზე, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო ან დამსაქმებელმა უხელფასო შვებულებაში გაუშვა, 6 თვის განმავლობაში გაიცა მიზნობრივი სოციალური ყოველთვიური დახმარება 200 ლარის ოდენობით. გარდა აღნიშნული დახმარებისა, განხორციელდა დამსაქმებელთა სუბსიდირება ყოველ შენარჩუნებულ ადგილზე, კერძოდ, 6 თვის განმავლობაში 750 ლარამდე ხელფასები სრულად გათავისუფლდა საშემოსავლო გადასახადისგან, ხოლო 1500 ლარამდე ხელფასები კი - 750 ლარის ოდენობაზე. ინიციატივები არ შეხებიათ მხოლოდ დაქირავებით დასაქმებულებს. არაფორმალურ სექტორში დასაქმებულებმა და თვითდასაქმებულებმა მიიღეს ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება [საქართველოს მთავრობის ანგარიში, 2020: 55]. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მონაცემებით, სახელმწიფოს კომპენსაციების მისაღებად ბევრ დასაქმებულს შეექმნა პრობლემა, რადგანაც ვერ ახერხებდნენ დასაქმებულის სტატუსის დამტკიცებას არაფორმალური დასაქმების სპეციფიკის გამო [საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, 2020: 1]. აქედან გამომდინარე, არაფორმალურ სექტორში დასაქმებულები ყველაზე მოწყვლადნი აღმოჩნდნენ სახელმწიფოს მხრიდან მათზე ინფორმაციის ნაკლებობისა და შრომითი ხელშეკრულებების არ არსებობის გამო. არასასოფლო-სამეურნეო სფეროს დასაქმებულებში არაფორმალურად დასაქმებულთა წილი კი მცირე არ არის და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2019 წლის მონაცემების მიხედვით 34.7%-ს შეადგენს [საქსტატი, 2020].

იქიდან გამომდინარე, რომ დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი არ მოიცავს თვითდასაქმებულთა და არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებას, ნაწილობრივ ასახავს პანდემიის გავლენას საქართველოს მოსახლეობის შრომის ანაზღაურებაზე, სადაც არაფორმალური დასაქმება საკმაოდ მნიშვნელოვანია, ხოლო დასაქმებულთა დამოკიდებულება ყოველდღიურ  ფულად შემოსავლებზე - ძალიან მაღალი. 

დასკვნა

ის ფაქტი, რომ პანდემიას და მის თანმხლებ შეზღუდვებს გლობალურ და ეროვნულ დონეზე უარყოფითი გავლენა აქვს ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროზე, დავას არ საჭიროებს. ეკონომიკის ჩვეულ რიტმში დაბრუნება შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ავტომატურად არ მოხდება. ნეგატიური ასპექტების დაძლევა ამ წლის განმავლობაში თითქმის შეუძლებელიც არის, თუმცა, მნიშვნელოვანია ზარალისა და პრობლემების შემსუბუქება. ამ კუთხით მნიშვნელოვანია საერთაშორისო დახმარების გონივრული გამოყენება მიზნობრივ ჯგუფებზე და ეკონომიკური აღდგენის უზრუნველყოფა. შრომის ანაზღაურების შემცირებითა თუ დაკარგვით დაზარალებული დასაქმებულებისა თუ სხვა მოწყვლადი ჯგუფების მიმართ საქართველოს მთავრობის მიერ გაწერული სოციალური დახმარება მიმართული იყო დაუყოვნებელი ეკონომიკური და სოციალური შოკის დაძლევისკენ და ვერ ექნება მას მუდმივი ხასიათი. რაც შეეხება არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა დახმარებას, მათი იდენტიფიცირების სირთულიდან გამომდინარე შეუძლებელია კონკრეტულად მათზე მორგებული სოციალური შემწეობის თუ რაიმე სახის სამთავრობო პროგრამის გატარება. აქედან გამომდინარე, რეკომენდირებულია მათზე უნივერსალური და ზოგადი ხასიათის პროგრამების განხორციელება, რაც ასევე მოიცავს დასაქმებულებისა თუ მოსახლეობის სხვა ჯგუფებსაც.

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კონტროლის პარალელურად, არანაკლებ მნიშვნელოვანია ეკონომიკური ანალიზის განუწყვეტლივ ჩატარება, რომლის დროსაც მოხდება კრიზისული პერიოდის დროს დაზარალებული თუ წარმატებული სფეროების იდენტიფიცირება და მიზნობრივი პროგრამების განხორციელება. ეკონომიკური საქმიანობის კიდევ ერთხელ შეჩერება შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს სრულიად ეკონომიკისთვის. სამუშაო ადგილების დაკარგვა, შრომის ანაზღაურების შემცირება თუ სულაც დროებით ვერ მიღება ერთგვარ „ეკონომიკურ ვირუსადაც“ შეიძლება მოვიაზროთ, რომელიც ასევე შეამცირებს მოსახლეობის ცხოვრების დონეს.

პანდემიურ გარემოში დაწესებულ შეზღუდვებთან ადაპტირების ნაცად და გამართლებულ გზას წარმოადგენს სწორედ თანამშრომელთა დისტანციური მუშაობა, რაც წარსულშიც საკმაოდ პოპულარული იყო არაერთ განვითარებულ ქვეყნაში. ამ პრაქტიკის გამოყენება საქართველოსთვისაც მიზანშეწონილია, რაც თავიდან აარიდებს დამსაქმებლებსა თუ დასაქმებულებს მთელ რიგ პრობლემებს. დისტანციურ რეჟიმს შესაძლოა სამომავლოდ გაცილებით მეტი პერსპექტივა ჰქონდეს როგორც პანდემიის, ასევე პოსტპანდემიურ პერიოდშიც. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დისტანციურად მუშაობასაც აქვს თავისი არაერთი უარყოფითი მხარე, რაც დროთა განმავლობაში დახვეწას, შეცვლილ გარემოებებთან ადაპტირებასა და განვითარებას საჭიროებს. გარდა აღნიშნულისა, მნიშვნელოვანია შრომითი კონტრაქტების კორექტირება, სადაც ნათლად უნდა გაიწეროს სამუშაო ადგილთან დაკავშირებული საკითხები.  

გამოყენებული ლიტერატურა

  1. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2020, მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლები (დასაქმება და უმუშევრობა) 2020 lll კვარტალი, განთავსებულია ელექტრონულად შემდეგ ბმულზე: https://www.geostat.ge/ka/single-news/1974/mosakhleobis-ekonomikuri-aktivobis-machveneblebi-dasakmeba-da-umushevroba-2020-tslis-iii-kvartali.
  2. საქართველოს მთავრობა, 2020, Covid-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიში,  განთავსებულია ელექტრონულად შემდეგ ბმულზე: http://gov.ge/files/76338_76338_444796_COVID-19angarishi...pdf .
  3. საქართველოს პროფესიული კავშირები, 2020,  Covid-19-ის გავლენა დასაქმებაზე, განთავსებულია ელექტრონულად შემდეგ ბმულზე: http://gtuc.ge/koronavirusis-gavlena-dasaqmebaze/,  გვ. 1.
  4. შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველო“ (PwC საქართველო), 2020, ქართული კომპანიები Covid-19-ის პანდემიის გამოწვევის წინაშე, განთავსებულია ელექტრონულად შემდეგ ბმულზე: https://www.pwc.com/ge/en/assets/pdf/may-2020/Georgia_Covid-19_survey_Report_Final_Georgian_21.05.20.pdf , გვ. 9, 14.
  5. შპს  „ჯეი  ენდ  თი  ქონსალთინგი“,  2020, პანდემიური და საგანგებო მდგომარეობის გავლენა  შრომის  ურთიერთობებზე,  განთავსებულია  ელექტრონულად  შემდეგ ბმულზე: http://jtconsulting-geo.com/uploads/library/Bmdsbx9fhVxSV2EubSBKdV6vYM1uWpbz.pdf , გვ. 6.
  6. Report.ge, 2020, როგორ შეიცვალა ხელფასები დასაქმების სტრუქტურის გადაჯგუფებით, განთავსებულია  ელექტრონულად  შემდეგ ბმულზე: https://report.ge/economics/rogor-sheitsvala-khelfasebi-dasakmebis-strukturis-gadajgufebit/
  7. www.geostat.ge
  8. www.gov.ge


[1] გარდა ისეთი გამონაკლისებისა, როგორიცაა სამედიცინო მომსახურება, ფარმაცევტული მომსახურება, სურსათით ვაჭრობა და ა.შ.

[2] სამუშაო ძალის გამოკვლევის დროს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური მონაცემებს აგროვებს დასაქმების სტატუსის შესახებ ბოლო 7 დღის განმავლობაში. ადამიანი ითვლება დასაქმებულად, თუ იგი ბოლო 7 დღის განმავლობაში მუშაობდა მინიმუმ 1 საათის განმავლობაში შემოსავლის მიღების მიზნით, ან უსასყიდლოდ ეხმარებოდა შინამეურნეობებს, ან არ იმყოფებოდა სამუშაოზე რაიმე მიზეზით, თუმცა, ირიცხებოდა ფორმალურად. ადამიანი ითვლება უმუშევრად, თუ მას ბოლო 7 დღის განმავლობაში 1 საათიც კი არ უმუშავია,  აქტიურად ეძებდა სამსახურს ბოლო 4 კვირის განმავლობაში და შეეძლო დაეწყო სამსახური მომავალი 2 კვირის განმავლობაში. წყარო: www.geostat.ge